რომან გოცირიძე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
25 აპრილი, 2007
ყაზახეთში, ქალაქ ალმატიში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც განიხილება ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაზე უცხოური ვალუტის მსხვილი შემოდინებების ზეგავლენის საკითხი. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ყახაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
ფორუმი გახსნეს ყახაზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კარიმ მასიმოვმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა მოშინ ხანმა. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ სავალუტო ფონდის წამყვანი ექსპერტები და რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველები.
თავის გამოსვლაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ხაზი გაუსვა იმ აქტიურობას, რომელიც შეიმჩნევა მნიშვნელოვანი კაპიტალური შემოდინებების კუთხით, რაც, მისი შეფასებით, გამოწვეულია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებითა და ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებით. ამასთან, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი კაპიტალური შემოდინებები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ქმნის გარკვეულ პრობლემებს ვალუტის გაცვლის კურსისა და ფულის მასის მართვის თვალსაზრისით.
ფორუმზე გამომსვლელთა დიდმა ნაწილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მზარდი, მასშტაბური ინვესტიციების დადებით შედეგთან ერთად მისი უარყოფითი ეფექტი ინფლაციის სტიმულირების კუთხით შეიძლება განეიტრალდეს უდეფიციტო და უფრო მეტად პროფიციტული ბიუჯეტით, ვალუტის გაცვლის კურსის მოქნილობით, პირველ რიგში, მისი შემდგომი გამყარების მიმართულებით და აგრეთვე, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად სტრუქტურული რეფორმების გატარებით.
საერთაშორისო კონფერენცია ალმატიში დღეს დაასრულებს მუშაობას.
ცნობისათვის, ყველაზე დიდი კაპიტალური შემოდინებები აღინიშნება რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში, გამოწვეული ნავთობისა და გაზის რეალიზაციით. ასევე საქართველოსა და სომხეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდითა და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოქალაქეთა ტრანსფერტების მატებით. უკანასკნელ 2 წელიწადში ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტა გამყარდა სომხეთსა და ყაზახეთში. შარშან საქართველოში ლარის ნომინალური გაცვლის კურსი, 2006 წლის ბოლო მონაცემებით, გამყარდა 4.4 პროცენტით, ხოლო რეალური ეფექტური გაცვლის კურსი თითქმის უცვლელი იყო.