რომან გოცირიძე ყაზახეთში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
24 აპრილი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე მონაწილეობას მიიღებს 25 აპრილს ყახაზეთში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში. ფორუმის ორგანიზატორები არიან ყახაზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტი.
კონფერენციის მსხვლელობისას განხილული იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაზე უცხოური ვალუტის მსხვილი შემოდინებების ზემოქმედების საკითხი. ფორუმის ორგანიზატორთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ფაქტორმა რეგიონის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა მოახდინა, მან ასევე გაცვლითი კურსის რეგულირების ამოცანა დააყენა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები კონფერენციაზე პრეზენტაციას გაუკეთებენ აღნიშნული საკითხების მოგვარებისას სხვა რეგიონის ქვეყნების გამოცდილებას. გარდა ამისა, ფორუმზე დაგეგმილია სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენელთა შეფასებები ზემოხსენებული საკითხის თაობაზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან ყახაზეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ცენტრალური ბანკების მმართველები და ფინანსთა მინისტრები, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელები.