რომან გოცირიძე: ჩვენ მივესალმებით საქართველოს საბანკო ბაზარზე უცხოური ინვესტიციების შემოსვლას

რომან გოცირიძე: ჩვენ მივესალმებით საქართველოს საბანკო ბაზარზე უცხოური ინვესტიციების შემოსვლას

02 თებერვალი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ უმსხვილესი ფრანგული ბანკის „სოსიეტე ჟენერალეს“ (SOCIETE GENERALE) წარმომადგენლები მიიღო. ფრანგი ბანკირები საქართველოში საბანკო ბაზარზე არსებული ვითარებით და მისი განვითარების პერსპექტივებით არიან დაინტერესებული.   „ჩვენ მივესალმებით საქართველოს საბანკო ბაზარზე უცხოური ინვესტიციების შემოსვლის ნებისმიერ სურვილს. კმაყოფილებას გამოვთქვამ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის და არა მხოლოდ ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საფინანსო დაწესებულებამ, როგორიცაა ბანკი „სოსიეტე ჟენერალე“, საქართველოს საბანკო ბაზრისა და მისი მონაწილეების მიმართ დაინტერესება გამოხატა. საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ადგილობრივ საბანკო ბაზარზე უცხოური ინვესტიციების ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აისახა კიდეც საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ოთხწლიან სტრატეგიაში,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   რომან გოცირიძის ინფორმაციით, ადგილობრივ საბანკო ბაზარზე სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე შემუშავებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააადვილებს ქართულ საბანკო სივრცეში უცხოური კაპიტალის ნაკადის შემოდინებას. „ეს ცვლილებები კანონის ძალას უახლოესი თვის განმავლობაში მიიღებს,“ – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   შეხვედრის დასასრულს, ფრანგული ბანკის „სოსიეტე ჟენერალეს“ წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქართული საბანკო ბაზრის მდგომარეობის დეტალური წარმოჩინებისათვის.   ფრანგული საფინანსო ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალე“ (SOCIETE GENERALE) შეიქმნა1864 წლის 4 მაისს ნაპოლეონ მესამის მოღვაწეობის პერიოდში. დღეისათვის ბანკს საფრანგეთში 47 ფილიალი გააჩნია. მსოფლიოს მასშტაბით „სოსიეტე ჟენერალეს“ ფილიალებში 80 ქვეყანაში დასაქმებულია 93 ათასი ადამიანი.   2004 წელს ფრანგული კომერციული ბანკი „სოსიეტე ჟენერალეს“ მთლიანი აქტივების მოცულობამ შეადგინა 601.1 მლრდ ევრო, კლიენტებისთვის გაცემული სესხების მოცულობამ 198.9 მლრდ ევრო, დეპოზიტებმა – 174.5 მლრდ ევრო, ხოლო სააქციო კაპიტალის მოცულობამ – 23 მლრდ ევრო. ბანკი „სოსიეტე ჟენერალე“ საფრანგეთის უმსხვილესი ბანკების სამეულში შედის.
სხვა სიახლეები