პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა კომპანიებმა საქართველოში ჩამოსვლის მზადყოფნა დააფიქსირეს

პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა კომპანიებმა საქართველოში ჩამოსვლის მზადყოფნა დააფიქსირეს

08 სექტემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო SWIFT-ის (საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა) ყოველწლიურ კონგრესსა და გამოფენა Sibos-ში, რომელსაც 4-9 სექტემბერს კოპენჰაგენმა (დანია) უმასპინძლა. კონგრესზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და SWIFT-ს შორის ურთიერთგაგების  მემორანდუმი გაფორმდა.    გამოფენაზე კლიენტების მომსახურების სერვისისა და დანახარჯების შემცირების ნიშნით, უახლოესი მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების პრეზენტაცია 200-მდე საფინანსო ინსტიტუტმა მოაწყო. ამ თავყრილობაში მონაწილე კომპანიების ტექნოლოგიური პროდუქტების მომხმარებლები მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბანკები არიან, როგორიცაა „Dresdner Bank“, „American Express Bank“, „The Bank of Mitsubishi“ და სხვ.  კოპენჰაგენში SWIFT-ის  წლევანდელ შეხვედრას საბანკო-საფინანსო სექტორის 5000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციას საქმიანი შეხვედრები ჰქონდა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიების „Logica“-ს, „Montrani“-სა და „CMA“-ს თანამშრომლებთან, რომლებიც საქართველოს საგადამხდელო სისტემის მდგომარეობით დაინტერესდნენ. ამ კომპანიების სახელით მათ საქართველოში ჩამოსვლისა და ქვეყნის საგადამხდელო სისტემის განვითარების საქმეში დახმარების სურვილი გამოთქვეს.   საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ში მსოფლიოს 200 ქვეყნის 7500 საფინანსო დაწესებულება არის ჩართული. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნულ სისტემაში 1996 წლიდან გაწევრიანდა. ამჟამად SWIFT-ის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს 19 კომერციული ბანკი, რომელთა მიერ გადარიცხვები ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება.
სხვა სიახლეები