
პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარების ტენდენციები
პლასტიკური ბარათების ბაზარი კვლავ დინამიკურად ვითარდება. საქართველოში არსებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული და მიმოქცევაში არსებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 3.6 მლნ შეადგინა, რაც, 2008 წლის ანალოგიური პერიოდში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 1.7-ჯერ მეტია. აქედან, 84.9 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის. 2008 წელს იგივე მაჩვენებელი 91.7 პროცენტს შეადგენდა. პლასტიკური ბარათების სტრუქტურის ცვლილება საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნის სწრაფი ზრდის შედეგია. თუ ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობის ზრდამ 57.9 პროცენტი შეადგინა, საკრედიტო ბარათების რაოდენობამ იმავე პერიოდში 3.1-ჯერ მოიმატა.
VISA-ბარათი მიმოქცევაში არსებული ბარათების 80.1 პროცენტს შეადგენს, შემდეგ ადგილზეა EURO CARD/MASTER CARD-ი 13.5 პროცენტით, ხოლო დანარჩენი – 6.4 პროცენტი, ადგილობრივი ბარათების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული ბარათების მთლიან რაოდენობაში VISA-ბარათების ხვედრითი წილი 5.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
სულ უფრო მატულობს საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა. მიმდინარე წლის იანვარში რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით განხორციელდა 2.4 მლნ ოპერაცია, რომელთა საერთო მოცულობა, 2008 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტით გაიზარდა და 269.3 მლნ ლარი შეადგინა. ოპერაციების საერთო რაოდენობის 94.9 პროცენტი რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით ქვეყნის შიგნით (მათ შორის, ინტერნეტით) შესრულებულ ოპერაციებზე მოდის, 5.1 პროცენტი კი ამავე ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციებია.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, პლასტიკური ბარათებით მომსახურება, რაც კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებითა და პოსტერმინალებით ხორციელდება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული საშუალებებით 781.5 ათასი ოპერაცია შესრულდა, ოპერაციების საერთო მოცულობამ კი 148.3 მლნ ლარი შეადგინა. ამ უკანასკნელიდან 88.0 პროცენტი რეზიდენტი ბანკების, 12.0 პროცენტი კი არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით განხორციელდა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.