პლასტიკური ბარათების ბაზარი კვლავ დინამიურად ვითარდება
20 მარტი, 2008
საქართველოში პლასტიკური ბარათების ბაზრის განვითარება დინამიურობას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის 1 მარტისათვის საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 2.4 მლნ შეადგინა, რაც 1.9-ჯერ მეტია 2007 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მაჩვენებელზე. აქედან, 91.1 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის, ნაცვლად 99.1 პროცენტისა, შესაბამისად. ეს შედეგია საკრედიტო ბარათების სწრაფი ზრდის ტენდენციისა. თუ სადებეტო ბარათების რაოდენობის მატებამ ბოლო ერთ წელიწადში 76.6 პროცენტი შეადგინა, საკრედიტო ბარათების რაოდენობა, ამავე პერიოდში, 19.4–ჯერ გაიზარდა.
კვლავ შეინიშნება VISA ბარათის პოპულარობის ზრდა. იგი მიმოქცევაში არსებული ბარათების 76.5 პროცენტის შეადგენს. მას მოსდევს EURO CARD/MASTER CARD-ი 13.8 პროცენტით, ხოლო დანარჩენი 9.7 პროცენტი ადგილობრივი ბარათების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ VISA ბარათის ხვედრითი წილი მიმოქცევაში არსებული ბარათების საერთო რაოდენობაში, ბოლო ერთ წელიწადში, 10.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
სულ უფრო იზრდება საბანკო პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების საერთო მოცულობა. თუ ბოლო 1 წლის განმავლობაში პლასტიკური ბარათებით თვეში საშუალოდ დაახლოებით 270 მლნ ლარის მოცულობის ოპერაცია ხორციელდებოდა, მიმდინარე წლის თებერვალში ამ მაჩვენებელმა 326.5 მლნ ლარი შეადგინა. ამ ოპერაციებზე გამოყენებული ბარათების 96.5 პროცენტი რეზიდენტი ემიტენტების, ხოლო 3.5 პროცენტი - არარეზიდენტი ემიტენტების მიერ ემიტირებულ ბარათებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ პლასტიკური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მიხედვით საზღვარგარეთთან საქართველოს ოპერაციების ბალანსი დადებითია. კერძოდ, არარეზიდენტების მიერ ემიტირებული ბარათებით საქართველოში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა სჭარბობს რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობას. გამონაკლისს წარმოადგენს მ/წ თებერვალი, როდესაც აღნიშნული ბალანსი უარყოფითი ნიშნით – 3.5 მლნ ლარის ოდენობით დაფიქსირდა.
საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების საერთო მოცულობის 75.1 პროცენტი ბანკომატების, ხოლო 24.2 პროცენტი პოს-ტერმინალების საშუალებით განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის. ოპერაციების კვლავ უმნიშვნელო წილი – 0.7 პროცენტი მოდის ინტერნეტით განხორციელებულ ოპერაციებზე, რაც ქვეყანაში ელექტრონული ვაჭრობის არამარტო ნაკლებად პოპულარობაზე, არამედ მის ნაკლებად ხელმისაწვდომობაზეც მეტყველებს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე სტატისტიკის რუბრიკაში.