ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება   

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება   

25 თებერვალი, 2026

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის იანვრის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. მიმდინარე წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.4% შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წილი კვლავ ბიზნეს სესხებმა შეიტანა. 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, რის შედეგადაც ფარდობის გაპი კვლავ უარყოფითია. 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი, თუმცა კომიტეტის შეფასებით, აღნიშნული ფარდობა ეტაპობრივად დაუახლოვდება მის გრძელვადიან დონეს. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.

 


წყარო: სებ; საქსტატი
*ნომინალური მშპ-ის ზრდა ბოლო 4 კვარტლის მშპ-ის წლიურ ზრდას ასახავს. 
**სესხები მოიცავს ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, არაფინანსური კომპანიების მიერ ადგილობრივად გამოშვებულ ობლიგაციებს.
*** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი. 



საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.


ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 3 ივნისს გაიმართება.

სხვა სიახლეები