ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

28 მაისი, 2025

საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2025 წლის აპრილის მონაცემებით, საბანკო სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. გასულ წელთან შედარებით, საკრედიტო აქტივობის ტემპი ეტაპობრივად ნორმალიზდა და 2025 წლის აპრილში, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.5% შეადგინა. აღნიშნული ზრდა მეტწილად, კვლავ ბიზნეს სესხების ზრდით იყო განპირობებული. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება. ერთი მხრივ, პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და მეორე მხრივ, საკრედიტო აქტივობის ნორმალიზებამ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპის გაზრდა განაპირობა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივი ნორმალიზების ფონზე, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი 2025 წელს დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. კომერციული ბანკები კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას განაგრძობენ.


 

წყარო: სებ; საქსტატი
*ნომინალური მშპ-ის ზრდა ბოლო 4 კვარტლის მშპ-ის წლიურ ზრდას ასახავს. 
**სესხები მოიცავს ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ გაცემულ სესხებსა და, ასევე, არაფინანსური კომპანიების მიერ ადგილობრივად გამოშვებულ ობლიგაციებს.
*** სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი წარმოადგენს სხვაობას სესხების მშპ-თან ფარდობასა და მის გრძელვადიან ტრენდს შორის. ტრენდის შესაფასებლად, ბაზელის რეკომენდაციის შესაბამისად, გამოყენებულია HP ფილტრი. 

 

ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა.


საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.


ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სიახლეები