ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ნარკოლოგიური ტესტირება ჩაუტარდათ

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ნარკოლოგიური ტესტირება ჩაუტარდათ

13 ივლისი, 2005
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნარკოლოგიური ტესტირება ჩაუტარა. ტესტირების პასუხები ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.   ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ თანამშრომლებს პირადი მაგალითით უჩვენა, რომ ტესტირება აუცილებელი და ყველასთვის სავალდებულო პროცედურაა. მისი განმარტებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კადრებით დაკომპლექტების დროს თითოეული ვაკანსიის დასაკავებლად ოთხი ეტაპის გავლა იყო საჭირო, მათ შორის, ნარკოლოგიური ტესტირებისაც.   ნიკოლოზ გეგუჩაძის თქმით, ანალოგიური ტესტების ჩაბარება სამსახურის თანამშრომლებს პერიოდულად მოუწევთ.   საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2003 წლის 16 ივლისიდან ფუნქციონირებს. იგი შეიქმნა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის, „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ“ კანონისა და  საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის N354 ბრძანებულების საფუძველზე. ამჟამად ფინანსური მონიტორინგის სამსახურში 33 თანამშრომელი ირიცხება. ნარკოლოგიური შემოწმება ყველამ გაიარა.   
სხვა სიახლეები