
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაინერგა
საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა (Georgian Securities Settlement System – GSS System) ამოქმედდა. ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას შესთავაზებს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული იქნება.
"ეროვნული ბანკი უაღრესად დიდ ყურადღებას უთმობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ვაკეთებთ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვმუშაობთ ახალი კანონების შექმნასა და ძველის განახლებაზე, დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავთ ფინანსურ განათლებაზე. 2010 წელს ეროვნულ ბანკში დაინერგა ფასიანი ქაღალდების და ფულით ანგარიშსწორების თანამედროვე სისტემები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისათვის. ამ სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე. სწორედ ამ წარმატებამ გადაგვაწყვეტინა გაგვეზიარებინა გამოცდილება კაპიტალის ბაზრისთვისაც. დღეს სიამაყით გვსურს განვაცხადოთ, რომ ახალი სისტემა წარმატებით დაინერგა და 3 დეკემბრიდან გარიგებები ამ სისტემის მეშვეობით ხორციელდება. ახალი სისტემა ბაზრის მონაწილეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ბროკერებს შეეძლებათ თანაბრად მარტივად ივაჭრონ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით და დადებული გარიგებების ანგარიშსწორება ელექტრონული ფორმით, სწრაფად და დაცულად განახორციელონ. ახალი თანამედროვე სტანდარტების სისტემა, სხვა თანმდევ რეფორმებთან ერთად, საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.