პარლამენტარებისათვის გუდაურში სავალუტო ფონდის სემინარი გაიმართა

პარლამენტარებისათვის გუდაურში სავალუტო ფონდის სემინარი გაიმართა

06 ივნისი, 2005
4-5 ივნისს გუდაურში გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ქართველი პარლამენტარებისათვის ორგანიზებული სემინარი, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე. სემინარის ძირითადი თემა იყო „საქართველო: ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და სიღარიბის დაძლევის საკითხები“. ორი დღის განმავლობაში საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომამდგენლები საქართველოში ფისკალურ და ფულად-საკრედიტო სფეროში მიმდინარე რეფორმებს, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მიმდინარეობას განიხილავდენ.სემინარის მეორე დღე მთლიანად დაეთმო საქართველოში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებს.ამ თემაზე მოხსენება გააკეთა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა რობერტ კრისტიანსენმა. მან ვრცლად მიმოიხილა ძირითადი მონეტარული მოვლენები 2004-2005 წლებში. სავალუტო ფონდის წარმომადგენლის შეფასებით, ეკონომიკის ლეგალიზებამ და დიდი ოდენობით უცხოური კაპიტალის შემოდინებამ გასულ წელს ქვეყანაში ლარის რეალური გამყარება და ინფლაციის ზრდა გამოიწვია. რობერტ კრისტიანსენის პროგნოზით, ფისკალური დეფიციტის ფონზე, 2005 წელს საქართველოში მოსალოდნელია სარეზერვო ფულის ზრდა. ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციასა და ლარის კურსის რეალურ გამყარებას შორის რთული არჩევანის წინაშე დგას. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ 2005 წელს ინფლაცია ერთნიშნა ციფრით უნდა გამოისახებოდეს, ხოლო ლარის კურსი - ზომიერად გამყარდეს. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებას ხელი არ უნდა შეუშალოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ახალ მიდგომებზე, რომელსაც ეროვნული ბანკი პრივატიზაციიდან მიღებული დიდძალი შემოსავლების ინფლაციურ პროცესებზე უარყოფითი ზემოქმედების გასანეიტრალებლად იყენებს. თავის გამოსვლაში რომან გოცირიძემ სემინარის მონაწილეებს გააცნო ეროვნული ბანკის წინადადება - ეტაპობრივად, 40 მლნ ლარამდე გაიზარდოს ეროვნული ბანკის კაპიტალის ოდენობა. აღნიშნული მაჩვენებელი დღეისათვის 15 მლნ ლარს შეადგენს, რაც მისი აქტივების მხოლოდ ერთი პროცენტია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დსთ-ს სივრცეში. ძირითადი მოხსენებების დასრულების შემდეგ რობერტ კრისტიანსენმა და რომან გოცირიძემ დეპუტატების შეკითხვებს გასცეს პასუხი.
სხვა სიახლეები