
ნათია თურნავამ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებისთვის გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემა იყო - „მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის რისკების მართვა რეგიონული კონფლიქტის პირობებში“.
დისკუსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა გახსნა.
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კოლეგებს გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ როგორ უნდა ვმართოთ მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის რისკები რეგიონული კონფლიქტების დროს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ გლობალური გაურკვევლობა აშკარად გაზარდა.
„პირველ რიგში, ხაზს ვუსვამ, რომ გონივრული და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური მდგრადობის ფუნდამენტია. რაც უფრო ძლიერია ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები, მით უკეთესად უმკლავდება იგი საგარეო შოკებს. როდესაც იკვეთება ინფლაციური რისკები და ცენტრალური ბანკი გონივრული პოლიტიკით აჩვენებს, რომ შოკების მიუხედავად შეუძლია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, მნიშვნელოვნად მცირდება ამ შოკების ყოვლისმომცველი და ხანგრძლივ ინფლაციურ პროცესებში გადაზრდის რისკი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკის გადაწყვეტილებები უფრო რთული გამოწვევა გახდა, ვინაიდან მაღალი გაურკვევლობის პირობებში გახშირდა მიწოდების მხრიდან მოქმედი ინფლაციური შოკები. მისივე თქმით, ამ პირობებში მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ საბაზო სცენარის, არამედ მოსალოდნელი რისკ სცენარების ანალიზიც და რისკების მართვის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება.
„სწორედ ამ მიზეზით, 2025 წლის დასაწყისიდან, ჩვენ ოფიციალურად გადავედით მონეტარული პოლიტიკის შემუშავებისას რისკების მართვის მიდგომაზე. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში ცენტრალურ სცენართან ერთად დამატებით გადაწყვეტილების მიღებისას ვითვალისწინებთ რისკ სცენარების ანალიზს. ეს მიდგომა გულისხმობს რისკების სისტემურ შეფასებას და გამჭვირვალე კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებს პოლიტიკა სხვადასხვა შესაძლო განვითარებას. აღნიშნული ჩარჩო აძლიერებს პროგნოზირებადობას, აუმჯობესებს ბაზრის მიერ პოლიტიკის აღქმას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სსფ-ის მიერ ორგანიზებული მსგავსი დისკუსიები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პლატფორმა არის კარგი შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა გაცვალონ მოსაზრებები, თუ როგორ გახადონ თავიანთი პოლიტიკა უფრო ეფექტიანი ისეთ გარემოში, სადაც იზრდება რისკები და არაპროგნოზირებადობა.
18 აპრილი, 2026
ფოტოგალერეა
3