
ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.
აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს ძლიერ განვითარებას და ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს.
მისიამ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა. მათი შეფასებით, მიზნობრივ დონეზე მაღალი ინფლაცია დროებითი ფაქტორებით არის განპირობებული, ხოლო დაბალი საბაზო ინფლაცია ფუნდამენტური ინფლაციური წნეხის არარსებობაზე მიუთითებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე დადებითად შეაფასა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დინამიკა. მნიშვნელოვანია, რომ რეზერვების შევსებას ძლიერი შემოდინებები და ლარიზაცია განაპირობებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ფინანსური სექტორი განაგრძობს ჯანსაღ განვითარებას, მაღალი კაპიტალით, მომგებიანობით და აქტივების მაღალი ხარისხით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ეროვნული ბანკისა და სსფ-ის მისიის წარმომადგენლები.
16 დეკემბერი, 2025
ფოტოგალერეა
16