ნათია თურნავამ ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართა

ნათია თურნავამ ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართა

26 ოქტომბერი, 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველ რენატ ბექტუროვთან და ასტანას საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ყაზახური მხარე საქართველოში „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების, კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დინამიკაზე, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის, ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა და ასტანას საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) თანამშრომლობას, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ხელშეწყობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის თანამშრომლობა წლებია გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ზედამხედველობის მიმართულებით თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ახალი ჩარჩო მიზნად ისახავს საქართველოსა და ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის ფინანსური მომსახურებისა და საბაზრო თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თალგატ ადუოვი.

ყაზახურ დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდეტი ეკატერინე მიქაბაძე. ასევე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.

26 ოქტომბერი, 2026

ფოტოგალერეა

7

სხვა სიახლეები