
მონეტის პრეზენტაცია
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. მონეტის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ახალი მონეტა საზოგადოებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.
1918 წლის 26 მაისს დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. სხვათაშორის, ამავე პერიოდში, 1919 წელს, დაარსდა პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ სულ 3 წელი იარსება, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური ვითარებისა, შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა რეგულარული არმია, შექმნა დემოკრატიული მართვის ორგანოები, რომლებიც კონსტიტუციით კიდევ უფრო განამტკიცა, მიიღო სახელმწიფო სიმბოლიკა, ჩაატარა თავისუფალი საყოველთაო არჩევნები საკმაოდ მოკლე ხანში შექმნა საკანონმდებლო მემკვიდრეობა. ასევე, ჩამოაყალიბა პროფესიული კავშირები, გაატარა ფულად-საკრედიტო რეფორმა, შექმნა და მიმოქცევაში გაუშვა პირველი დროებითი ფული - ქართული ბონი, გაატარა მიწის, განათლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები და დააფინანსა ათეულობით სტუდენტი უცხოეთში სწავლის მისაღებად. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას შეუსრულდა 100 წელი და სწორედ ეს ფაქტი ხდის ჩვენს პროექტსაც ორმაგად გამორჩეულს. საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნას და 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტას უძღვნის.
მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი მამუკა გონგაძეა.