ლარისა და ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება
07 სექტემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დავით ამაღლობელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ფასები წლის დასაწყისიდან სექტემბრის მოცემული პერიოდის ჩათვლით იმატებდა, სამომხმარებლო ფასების ცვლილებამ საქართველოში -0.7% შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სამომხმარებლო ფასების კლებას ჰქონდა ადგილი.
წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 7,2 პროცენტი შეადგინა. დავით ამაღლობელის პროგნოზით, წლის ბოლომდე მაკროეკონომიკური პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში იქნება, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი არსებულთან შედარებით შემცირდება.
„საწვავის გაძვირებას არ გამოუწვევია ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატება. მოსალოდნელია, რომ არც სექტემბერში და არც 2005 წლის დარჩენილ პერიოდში ფასების სერიოზული ზრდა არ მოხდება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. მისი პროგნოზით, ლარისა და ფასების სტაბილურობას არაფერი ემუქრება. ასეთი დასკვნის საფუძვლად დავით ამაღლობელი ქვეყანაში პროგნოზირებულ უცხოური ვალუტის შემოდინებისა და შემოდგომაზე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას ასახელებს. ასევე, მოსალოდნელია, ნავთობის ფასების კლება საერთაშორისო ბაზრებზე, რისი ტენდენციაც ბოლო დღეებში უკვე შეინიშნება.
საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად მოქმედებენ ერთიანი მაკროეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანსაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს.
„ამის რესურსი საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ნამდვილად გააჩნიათ,“ – აღნიშნა დავით ამაღლობელმა.