კომერციულმა ბანკებმა საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტება მილიარდი ლარით გაზარდეს
03 მაისი, 2007
2007 წლის პირველი კვარტალის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები 1 მლრდ ლარით (55 პროცენტით) გაიზარდა და 3.022 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა 59 პროცენტით მოიმატა 764 მლნ ლარამდე, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 65 პროცენტით არის გაზრდილი 1.329 მლრდ აშშ დოლარამდე.რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით, 2007 წლის პირველი აპრილისათვის კომერციულ ბანკებს უშუალოდ ეკონომიკის სექტორების დასაკრედიტებლად ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 450.2 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 1.624 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხები. საანალიზო პერიოდში, კომერციული ბანკების მიერ მრეწველობის სექტორისათვის გაცემული სესხების ოდენობა 51 პროცენტით გაიზარდა და 415.5 მლნ ლარი შეადგინა, მშენებლობის დაკრედიტება 64 პროცენტით არის გაზრდილი 226.7 მლნ ლარამდე, ხოლო ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხები მომატებულია 57 პროცენტით და 947.6 მლნ ლარს შეადგენს. საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში განათლების სექტორის დაკრედიტება გაზრდილია 78 პროცენტით 5.2 მლნ ლარამდე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებისა – 213 პროცენტით, 18.8 მლნ ლარამდე. 2007 წლის პირველი აპრილისათვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკებიდან სასტუმროებისა და რესტორნების ქსელისათვის 76 პროცენტით მეტი სესხი იყო გაცემული და პირველი კვარტალის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 40.6 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორის დაკრედიტება 8 პროცენტით, 43.7 მლნ ლარამდე შემცირდა.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებითა და ეკონომიკური აქტივობის ამაღლებით, ასევე, მათ მიერ მოზიდული ლიკვიდური სახსრების ოდენობის ზრდითა და ახალი საკრედიტო ხაზების გახსნის შედეგად მიღებული რესურსების მატებით.
საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტება სექტორების მიხედვით (ათასი ლარი)