
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 1.2 პროცენტით, ანუ 68.0 მლნ ლარით შემცირდა და 5.8 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.1 პროცენტით, ანუ 0.9 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.6 პროცენტით, ანუ 69.0 მლნ ლარით შემცირდა, რაც მთლიანად ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებამ გამოიწვია.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის ოქტომბრის ბოლოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 668.1 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით ანუ 18.2 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.6 მლრდ ლარის (შესაბამისად, 1.5 პროცენტით ანუ 38.7 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 50.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.0 პროცენტით ანუ 16.6 მლნ ლარით გაიზარდა და 1.7 მლრდ ლარს მიაღწია.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2010 წლის 1 ნოემბრისათვის 650.6 მლნ ლარით განისაზღვრა (8.3 პროცენტით ანუ 59.0 მლნ ლარით ნაკლები წინა თვესთან შედარებით); 11.2 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 368.9 მლნ ლარია (0.7 პროცენტით, ანუ 2.5 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 81.8 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2010 წლის ოქტომბრის თვის განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 14.6 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 ნოემბრისათვის 2.2 მლრდ ლარის დონეზე დარჩა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge