
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით გაიზარდა და 5.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.2 პროცენტით, ანუ 2.2 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.3 პროცენტით, ანუ 53.4 მლნ ლარით გაიზარდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 548.7 მლნ ლარის (2010 წლის დასაწყისთან შედარებით 2.6 პროცენტით ანუ 14.8 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.2 პროცენტით ანუ 5.6 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 45.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.4 პროცენტით ანუ 6.0 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა მთლიანობაში კვლავ 1.4 მლრდ ლარის დონეზე დარჩა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.1 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 თებერვლისათვის 656.2 მლნ ლარით განისაზღვრა (2.9 პროცენტით ანუ 19.8 მლნ ლარით ნაკლები წინა თვესთან შედარებით); 11.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 348.0 მლნ ლარია (2.0 პროცენტით ანუ 6.8 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
2010 წლის იანვრის თვის განმავლობაში 0.8 პროცენტით ანუ 15.7 მლნ ლარით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 თებერვლისათვის 2.0 მლრდ ლარს გადააჭარბა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge