კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 5.7 მილიარდი ლარია

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 5.7 მილიარდი ლარია

01 მაისი, 2009

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), გასული წლის 1 აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, 652.1 მლნ ლარით (13.0 პროცენტით) გაიზარდა და  2009 წლის 1 აპრილისათვის 5.7 მლრდ ლარს მიაღწია. სესხების საერთო მოცულობის ზრდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ზრდის შედეგია. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 18.2 პროცენტით, ანუ 1.4 მლრდ ლარამდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდამ 29.2 პროცენტი შეადგინა  და  4.3 მლრდ ლარს მიაღწია. 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 560.0 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.4 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.5 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.4 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

აღნიშნულ პერიოდში დაკრედიტების მოცულობის  ზრდას ჰქონდა ადგილი სასტუმროების და რესტორნების სფეროში, სადაც ეს მაჩვენებელი თითქმის 1.4–ჯერ გაიზრდა და 73.0 მლნ ლარი შეადგინა; 1.3–ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა უძრავი ქონებით ოპერაციების, კვლევებისა და კომერციული საქმიანობის სფეროში და 131.9 მლნ ლარი შეადგინა; ასევე 1.3–ჯერ გაიზარდა დაკრედიტების მოცულობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში და 37.1 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ამ დარგების წილი ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში კვლავ უმნიშვნელოა.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. განვლილ 12 თვეში ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხების მოცულობა 0.6 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 20.5 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის 1 აპრილისათვის 636.5 მლნ ლარით განისაზღვრა (13.8 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); 12.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 388.6 მლნ ლარია (7.4 პროცენტით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 79.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

გასული 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად – 25.2 პროცენტით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის 1 აპრილისათვის  2.3 მლრდ ლარს მიაღწია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:  www.nbg.ge

 

სხვა სიახლეები