კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 5.4 მილიარდი ლარია

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 5.4 მილიარდი ლარია

05 აგვისტო, 2009

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, 36.6 მლნ ლარით (0.7 პროცენტით) შემცირდა და 1 ივლისისათვის 5.4 მლრდ ლარი შეადგინა.  ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 57.3 მლნ.ლარით (4.5 პროცენტით) შემცირდა და 1.2 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების ზრდამ 20.7 მლნ.ლარი (0.5  პროცენტი) შეადგინა  და  4.1 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 483.2 მლნ ლარის (გასული თვის მონაცემთან შედარებით 2.3 პროცენტით ანუ 10.9 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.5 მლრდ ლარის (გასული თვის მონაცემთან შედარებით, 3.5 პროცენტით ანუ 84.3 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.8 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 2.2 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს მიაღწია. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.0 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის 1 ივლისისათვის 627.0 მლნ ლარით განისაზღვრა (10.7 პროცენტით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.9 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 354.6 მლნ ლარია (0.7 პროცენტით ნაკლები წინა თვესთან შედარებით). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

გასული  თვის განმავლობაში  – 2.3 პროცენტით შემცირდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის 1 ივლისისათვის  2.2 მლრდ ლარს მიაღწია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: www.nbg.ge

სხვა სიახლეები