კომერციული ბანკების საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები
2009 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი; მათ შორის, 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 534.6 მლნ ლარით, ანუ 6.0 პროცენტით შემცირდა და 8331.0 მლნ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1497.4 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 18.0 პროცენტია. ბანკების რაოდენობა უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში, წლის დასაწყისთან შედარებით, არ შეცვლილა და მათმა წილმა ბანკების საერთო განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 85.7 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 79.3-დან 78.5 პროცენტამდე შემცირდა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/