კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობა 3.2 მილიარდ ლარს აღემატება

კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობა 3.2 მილიარდ ლარს აღემატება

24 მაისი, 2007
2007 წლის პირველი ოთხი თვის ბოლოს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები  1 მლრდ 178 მლნ ლარით (57.7 პროცენტით) გაიზარდა და 3.2 მლრდ ლარი შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა 57.6 პროცენტით მოიმატა 807 მლნ ლარამდე, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 69.5 პროცენტით არის გაზრდილი – 1.427 მლრდ აშშ დოლარამდე. რაც შეეხება სესხების სტრუქტურას ეკონომიკის დარგების მიხედვით,  2007 წლის პირველი მაისისათვის კომერციულ ბანკებს უშუალოდ ეკონომიკის სექტორების დასაკრედიტებლად ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 464.4 მლნ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 1.729 მლრდ ლარის (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხები. საანალიზო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორის დაკრედიტება 96 პროცენტით გაიზარდა  და 25.2 მლნ ლარს გადააჭარბა. მრეწველობის სექტორისათვის გაცემული სესხების ოდენობა 58 პროცენტით გაიზარდა და   429.6  მლნ ლარი შეადგინა, მშენებლობის დაკრედიტება 77 პროცენტით არის გაზრდილი 259.2 მლნ ლარამდე, ხოლო ვაჭრობის სფეროსათვის გაცემული სესხები მომატებულია 61 პროცენტით და 1 მლრდ 21 მლნ ლარს შეადგენს.   საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში განათლების სექტორის დაკრედიტება  გაიზარდა 63 პროცენტით 5.7 მლნ ლარამდე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებისა – 198 პროცენტით, 18.7 მლნ ლარამდე.  2007 წლის პირველი მაისისათვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკებიდან  სასტუმროებისა და რესტორნების ქსელისათვის 77 პროცენტით მეტი სესხი იყო გაცემული და ამ მაჩვენებელმა 42.1 მლნ ლარი შეადგინა.   ამასთან, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორის დაკრედიტება 5 პროცენტით,  44.2 მლნ ლარამდე შემცირდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებითა და ეკონომიკური აქტივობის ამაღლებით, ასევე, მათ მიერ მოზიდული ლიკვიდური სახსრების ოდენობის ზრდითა და ახალი საკრედიტო ხაზების გახსნის შედეგად მიღებული  რესურსების მატებით. საქართველოს ეკონომიკის დაკრედიტება სექტორების მიხედვით    
სხვა სიახლეები