
კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ბოლო პერიოდების დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტამდე გაზარდა. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. წინასწარი შეფასებით, მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ წლიურად 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ჯამურად 5.2 პროცენტი იყო, რაც წინა პროგნოზებს აღემატებოდა. ეს მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საგარეო სექტორის პოზიტიურ ტენდენციებს. 2018 წლის პირველ კვარტალში კვლავ მაღალი ტემპებით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და ტურისტული შემოსავლები. შენარჩუნდა ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, იმპორტის ზრდის ტემპი მაღალია”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
"რეგულაციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ფინანსურ სექტორთან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ შარშან, დეკემბრის დასაწყისში, ძალაში შევიდა კაპიტალის მოთხოვნები გარკვეული ტიპის სესხებზე, რომლებიც გაცემული იყო შემოსავლების შეფასებისა და მსესხებლების გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე და ასეთ სესხებზე ბანკებს უფრო მაღალი კაპიტალის მოთხოვნები დაუწესდათ. როდესაც ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სექტორთან და განვიხილავთ ამ საკითხებს, აუცილებლად ვაანალიზებთ სიტუაციას. ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკის ზომებს თანმიმდევრულად და დროში განაწილებულად. ყველა მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება.