
კობა გვენეტაძემ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მმართველთა დისკუსიაში მიიღო მონაწილოება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - "მმართველთა საუბრები" მიიღო მონაწილეობა. მსგავსი დისკუსია სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საგაზაფხული და წლიური შეხვედრების დროს კონკრეტული ეკონომიკური მიმართულებით წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით მსოფლიოს 5 რეგიონიდან თითო წარმომადგენელთან იმართება ხოლმე და მოდერატორები სსფ-ს რეგიონალური დეპარტამენტების დირექტორები არიან. წლევანდელ შეხვედრებზე ასეთივე დისკუსია გაიმართება ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრთან (ევროპული დეპარტამენტი), პარაგვაის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან (დასავლეთ ნახევარსფეროს დეპარტამენტი), ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტთან (აზიისა და წყნარი ოკეანის დეპარტამენტი), და ბენინის ეკონომიკისა და ფინასთა მინისტრთან (აფრიკის დეპარტამენტი).
შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა და ამ მხრივ გაცვლითი კურსის მოქნილობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, "საქართველოს წარსული გამოცდილება მოწმობს, რომ მცურავი გაცვლითი კურსი შოკების შემარბილებელ ფუნქციას ასრულებს და გვეხმარება მინიმალური საზოგადოებრივი დანახარჯებით საგარეო შოკების გადალახვაში. გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშესაწყობად".