
კობა გვენეტაძემ ახალგაზრდა თაობასთან ერთად ფინანსური განათლების თემებზე იმსჯელა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის, კომერციული ბანკების, ტექნოპარკის, სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება.
ნებისმიერი ის შეხვედრა, რომელიც ფინანსურ განათლებასთან არის დაკავშირებული ვფიქრობ მნიშვნელოვანია. ჩვენ გუშინ გვქონდა ფინანსური განათლების კომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც განვიხილეთ პრიორიტეტული მიმართულებები. კომიტეტში ჩართულნი არიან საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს არის ის ინიციატივა, რომელმაც მომავალში აუცილებლად უნდა გაზარდოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე, რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყება ამ საკითხებზე საუბარი ვფიქრობ, ფინანსურად მით უფრო მეტად გათვითცნობიერებული მომხმარებლები იქნებიან საქართველოში და მით უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ისინი. ეს ყველაფერი საბოლოოდ აუცილებლად აისახება ქვეყნის ფინანსურ კეთილდღეობაზე. გლობალური ფულის კვირეული საქართველოში უკვე მეოთხედ აღინიშნება, მე თავად ვარ ჩართული, რადგან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ღონისძიებებს. ვფიქრობ, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელებას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ეს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებშიც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილება.
კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის ორგანიზებით, ჩატარდა ხატვის, ფოტოგრაფიისა და ესსეების კონკურსი ბავშვებისთვის საინტერესო ფინანსურ და სამეწარმეო თემებზე. ასევე, საუკეთესო ნაშრომების შედარებით მცირეწლოვან ავტორებს საქართველოს ეროვნული ბანკი 1 აპრილს ყვარელში, ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც მოსწავლეები მოისმენენ ლექციას ეროვნული ბანკის ისტორიისა და ფუნქციების, კომერციული ბანკების საქმიანობის, ფულის ისტორიისა და გლობალური ფულის კვირეულის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები ეწვევიან ტექნოპარკს, სადაც მოისმენენ ლექციას ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის შესახებ, და გაეცნობიან სტარტაპების საქმიანობას, საქართველოს ეროვნული ბანკი კი ეწვევა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბავშვო კლუბს – BTU Kids - სადაც ბავშვებს ინტერაქტიული გაკვეთილი ჩაუტარდებათ ბიუჯეტირების, საბანკო ტრანზაქციების ანალიზისა და დაზოგვის შესახებ.