
კობა გვენეტაძე - საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ თანხებს მიიღებს
"ეკონომიკური გუნდის სწრაფი მოქმედების შედეგად საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ თანხებს მიიღებს", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური დახმარების გარდა, საერთაშორისო და ორმხრივი საფინანსო ინსტიტუტები კერძო სექტორს დამატებით $1.5 მილიარდამდე დაფინანსებას გამოუყოფენ, რომლის ძირითადი ნაწილიც ბანკების გავლით რეალურ სექტორში მოხვდება. ეს არის ის, რაც დღეისთვის უკვე ცნობილია. მომავალში, ერთეული პროექტების ხარჯზე, დაფინანსების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ვირუსით გამოწვეული საფრთხეების დაძლევის შემდეგ, ეს რესურსი წაახალისებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას - საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით 2021-2025 წლების განმავლობაში ეკონომიკის წლიურად საშუალოდ ზრდა 5 პროცენტზე მეტი იქნება".
"შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, ლარის გადაჭარბებული მერყეობების შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად, სავალუტო ინტერვენციები საჭიროების მიხედვით უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული.