
კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან გამართეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას, ასევე, სსფ-ის ტექნიკური დახმარების საკითხებს. ტაო ჟენგის შეფასებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს რეფორმებს, რაც ამცირებს ქვეყნის მოწყვლადობას საგარეო ფაქტორების მიმართ და უზრუნველყოფს ეკონომიკის მდგრად ზრდას.
ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა კობა გვენეტაძისა და ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეხვედრები სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან და მისიის სხვა წევრებთან. გარდა ამისა, კობა გვენეტაძე მონაწილეობას მიიღებს G30 საერთაშორისო საბანკო სემინარში და შეხვდება მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტისა და აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებთან.