
კობა გვენეტაძე საბანკო სექტორთან ერთად არსებული გამოწვევების პირობებში სექტორის გამართული მუშაობის შესახებ მსჯელობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში წარიმართა, კობა გვენეტაძემ სექტორის მხრიდან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საბანკო სექტორთან, იღებს ყველა ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებასთან. სექტორთან მსჯელობს იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების ფარგლებში დაიგეგმა და რომელიც ეკონომიკის საფინანსო სერვისების შეუფერხებლად უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ვიდეოკონფერენციის დროს კობა გვენეტაძემ ისაუბრა ფინანსური სექტორის სტაბილურობის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. ითქვა, რომ საბანკო სექტორი არსებულ გამოწვევას კარგად მომზადებული შეხვდა, მას გააჩნია კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერები, ისტორიულად დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში.