
კობა გვენეტაძე ფინანსური ჩართულობის ალიანსის გენერალურ დირექტორს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთ-თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური განათლების მიმართულებით უკვე გატარებულ ღონისძიებებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიასა და ფინანსური სექტორის მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე. ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ეროვნული ბანკის AFI-ის "მომხმარებელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და ბაზარზე ქცევის სამუშაო ჯგუფის" წევრობის ფარგლებში სხვა ქვეყნებთან მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარების შესახებ.
ფინანსური ჩართულობის ალიანსი განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და სხვა საზედამხედველო ორგანიზაციებისაგან შემდგარი გლობალური ქსელია, რომლის მიზანია მსოფლიო მასშტაბით აამაღლოს ფინანსური ჩართულობის დონე, მათ შორის, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის უსაფრთხო, ფორმალურ ფინანსებზე წვდომის გაზრდის გზით. AFI ერთგვარი პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ზედამხედველებს შორის ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, ეფექტური პოლიტიკების განვითარება და დანერგვა.