
კობა გვენეტაძე - მიმოხილვის დასრულება გზას უხსნის დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას
"მოხარულნი ვართ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის კიდევ ერთი მიმოხილვის დასრულებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოსთვის დაახლოებით 112 მილიონი ამერიკული დოლარი გახდება ხელმისაწვდომი", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
"როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე, ლიკვიდობის რისკების გამოვლენასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა ბაზრისთვის საჭირო ლარის ლიკვიდობის მიწოდება უზრუნველყო. არსებული შოკისა და კერძო სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი კლების ფონზე, ეროვნული ბანკი ბაზარს უცხოური ვალუტის ლიკვიდობასაც აწვდის.