ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის პროცედურა გამარტივდება
28 მარტი, 2007
28 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ღლონტმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, 2007 წლის 2 აპრილიდან ეროვნული ბანკის მიერ ხაზინის ერთიანი ანგარიშის მომსახურება განხორციელდება ეროვნული ვალუტით დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების – RTGS-ის სისტემით. აღნიშნული შეთანხმება გააუმჯობესებს გადამხდელთა მომსახურებას და დააჩქარებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
RTGS-ის სისტემით ანგარიშსწორებისას სახაზინო სამსახურს საშუალება მიეცემა, ჩაერთოს საქართველოს საბანკო სისტემის ერთიან ქსელში. ამ რეჟიმით ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადარიცხული თანხა ავტომატურად მოხვდება კომერციული ბანკების ანგარიშებზე, რითაც უფრო ეფექტური გახდება გადამხდელსა და თანხის მიმღებს შორის სახსრების მოძრაობა. ანალოგიურად, ავტომატურ რეჟიმში მოხდება ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ჩარიცხვა კომერციული ბანკებიდან.
ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ საბოლოო ინფორმაციის დამუშავება მოხდება საოპერაციო დღის ბოლოს, თუმცა RTGS-ის სისტემა სახაზინო სამსახურს ბიუჯეტში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიღების საშუალებას მისცემს.
აღნიშნული შეთანხმებით, საფინანსო სისტემაში მომუშავე მოხელეებისათვის, გადამხდელთათვის, ბიზნესსა და საბანკო სექტორში დასაქმებულთათვის სახაზინო სამსახურთან ურთიერთობა უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდება.
აღნიშნული ტექნოლოგია ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს საბანკო სფეროს ერთიან საანგარიშსწორებო/საკომუნიკაციო ქსელში და, მსგავსად კომერციული ბანკებისა, ისარგებლოს ამ ელექტრონულ-ტექნოლოგიური სისტემის სრული სერვისით, კერძოდ:
ა) აწარმოოს გადარიცხვები (და მიიღოს ჩარიცხვები) რეალურ დროში, ელექტრონულ ფორმატში;
ბ) ანგარიშსწორებისას გამოიყენოს ელექტრონული საგადახდო დავალებები და ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერები;
გ) საოპერაციო დღის განმავლობაში საანგარიშსწორებო ოპერაციები აწარმოოს 7 სთ–ის განმავლობაში (9:30 საათიდან 16:30 საათამდე);
აღნიშნული ღონისძიებების დასანერგავად, გადასახადის გადამხდელებისათვის იცვლება საგადახდო დავალების შევსების წესი, კერძოდ:
- მიმღების ბანკის კოდის ველში ჩაიწერება – 220101222 (ნაცვლად 220101107 -ისა);
- მიმღების ბანკის დასახელების ველში – „სახელმწიფო ხაზინა“ (ნაცვლად „საქართველოს ეროვნული ბანკისა“ ).
საგადახდო დავალების ყველა სხვა რეკვიზიტი შეივსება არსებული წესით, მათ შორის მიმღების ანგარიში (დარჩება – 200122900).