
ქართული საზედამხედველო მოდელის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკს ტაჯიკეთისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკების დელეგაციები სტუმრობენ
საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ტაჯიკეთისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკების დელეგაციები სტუმრობენ. სასწავლო პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, ორ ეტაპიანია და დელეგაციის მეორე ნაწილი საქართველოში ოქტომბრის ბოლოს ჩამოვა.
ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელება, თუ რა საზედამხედველო მექანიზმები და ტექნიკა არის განვითარებული. „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებულ რეფორმებს. ვფიქრობთ, ის სიახლეები, რომელიც თქვენი ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელდა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ვაპირებთ, რომ ჩვენც აქტიურად გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება”, - განაცხადა ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ აბდუკამირ ნეგმატოვმა.