
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიზნესმენებს გაცვლითი კურსის პოლიტიკაზე ესაუბრა
როგორია ლარის გაცვლითი კურსის ტენდენციები, რატომაა წამგებიანი ბიზნესისათვის გაუაზრებელი, მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი რეაგირება ვალუტის უმნიშვნელო რყევისას, რატომაა დედოლარიზაცია და სესხის ლარში აღება ბიზნესისათვის უფრო მომგებიანი და ნაკლებად რისკიანი, – ეს იყო ძირითადი თემები, რის შესახებაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს 12 მარტს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შეხვედრისას ესაუბრა.
„ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ქვეყნის ეკონომიკაში ლარის პოზიციების განმტკიცებას. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს სთავაზობს ახალ ინსტრუმენტებს, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის სესხების ლარში გაცემას“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ შეხვედრაზე.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ა) ლარში სესხის აღებისას მეწარმეს აღარ ააქვს სავალუტო რისკი; ბ) ლარით სესხის აღება სასარგებლოა როგორც ბანკისათვის ასევე მსესხებლისათვის;
იმისათვის, რომ საბანკო სფერო განვითარებულიყო და დღევანდელ შედეგებამდე მიგვეღწია რამდენიმე თანმიმდევრული ნაბიჯი გადაიდგა:
– საწყის ეტაპზე დავაწესეთ მკაცრი რეგულაციები, და დღეს უკვე აღარავინ დავობს იმის შესახებ, რომ სწორედ იმ მკაცრი რეგულაციების შედეგად საქართველოს საბანკო სექტორი გადაურჩა დიდ რყევებს და შეძლო კრიზისის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დაძლევა.
– შემდეგი ეტაპი რეგულაციების გარკვეულწილად შემსუბუქება და საბანკო სექტორისათვის ახალი ინსტრუმენტების შეთავაზება იყო.
– ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების წარმატებით გავლის შემდეგ მივედით განვითარების იმ ეტაპამდე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სფერომ თანმიმდევრული პოლიტიკით, საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა დაიწყოს საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროცესი.
ეს პროცესი ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და შესაბამისად, წაახალისებს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას.