
ეროვნული ბანკი გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოზე მუშაობას განაგრძობს
2019 წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად დამტკიცებული კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს (იხ. პრესრელიზი ) სრულად ამოქმედების მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით მუშაობას. განისაზღვრა იმ კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალი, რომელთა ერთი ნაწილი მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო მეორე ნაწილი 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დამტკიცდეს.
კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე ეროვნულმა ბანკმა დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა. თუმცა, აღნიშნული მორატორიუმი არ გავრცელდა რეზოლუციის რეფორმის მიმდინარეობაზე. რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდიც (IMF) მიუთითებს (იხ. ბმული) და აღნიშნავს, რომ რეზოლუციის ჩარჩოს დასრულება ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს.
შესაბამისად, მიმდინარე თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე დაამტკიცა შემდეგი სამართლებრივი აქტები, რომლებიც, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 1-ელ ივლისამდე უნდა შემუშავებულიყო:
დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ქვეყნის საფინანსო სექტორის კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდა. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საბანკო სექტორის წარმომადგენლები.
გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს სრულად ამოქმედების მიზნით, ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას დარჩენილ სამართლებრივ აქტებზე. შედეგად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო ექნება.