
ეროვნულ ბანკში ჟურნალ Forbes Georgia-ს ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
10 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ჟურნალმა Forbes Georgia-მ, Ernst&Young-თან ერთად საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა და კომერციული ბანკების რეიტინგები წარადგინა.
„ეს არის პერიოდი, როდესაც ჯამდება გასული წელი საბანკო სექტორში. ჟურნალ „ფორბსთან“ ერთად ეროვნული ბანკის მხარდაჭერით მოხდა 2013 წლის შეფასება. ეს არის გარე თვალით დანახული 2013 წელი. ხოლო ეროვნული ბანკის მიერ გასული წლის შეფასება მოხდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 2013 წელი არის კიდევ ერთი წარმატებული წელი საბანკო სექტორისთვის. ზოგადად მე არაერთხელ მითქვამს, რომ საბანკო სექტორი არის ლოკომოტივი ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის განვითარების. როცა დღეს ვსაუბრობთ საბანკო სექტორზე ჩვენ აღარ გვიწევს საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - სანდოობა, სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ა.შ. თუმცა ამავე დროს ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე და უნდა ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. ეს არის მეტად უფრო გამჭვირვალე ურთიერთობა კლიენტებთან, მაქსიმალური პასუხისმგებლობა, სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებლის უფლებების დაცვა და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც აწუხებს დღეს საბანკო სექტორის მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი საცალო დაკრედიტების მიმართულებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე.