
ეროვნულ ბანკში მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა დაინერგა
მომხმარებელთან კომუნიკაციის სრულყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა (Business Intelligence, ე.წ. BI) დანერგა. 19 დეკემბერს, ტექნოპარკში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას BI-ის პროექტი წარუდგინა.
BI სისტემის დანერგვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა მაღალი სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტისადმი. შედეგად, ტენდერის წესით შეირჩა მონაცემთა ვიზუალიზაციის ერთ-ერთი მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფა - Tableau, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ლიდერობს BI-ის შესახებ სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიების მიმოხილვებსა და რეიტინგებში. აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაყრდნობით მოეწყო ცენტრალიზებული პლატფორმა და დაინერგა ინტერაქტიული Dashboard-ების გარკვეული რაოდენობა. საწყის ეტაპზე, სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეპორტები სესხებსა და დეპოზიტებზე, რომელსაც პერიოდულად დაემატება ახალი Dashboard-ები, მათ შორის ფულად გზავნილებზე და მონეტარულ მიმოხილვებზე.
"წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ ერთ საინტერესო და ინოვაციურ პროექტს - Business intelligence პლატფორმას, რომელიც საშუალებას გვაძლევს თითოეულ დაინტერესებულ მომხმარებელს მისთვის გასაგებ ენაზე და მისთვის მოსახერხებელი ვიზუალური ფორმით მივაწოდოთ ის უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც ეროვნული ბანკის მონაცემთა სისტემაში იყრის თავს. ციფრული ტექნოლოგიები და ინფორმაციის ვიზუალიზაცია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეროვნულ ბანკში მუდმივად ვაახლებთ არსებულ სისტემებს და ვნერგავთ ტექნოლოგიურ სიახლეებს. BI-ს ახალი პროექტიც, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლებისთვის სტატისტიკური ინფორმაციის სწრაფად და მარტივად მიწოდებას ისახავს მიზნად. გარდა იმისა, რომ პლატფორმა მართლაც საუკეთესოა, და ამაში თავად დარწმუნდებით მისი დემო ვერსიის ნახვისას, განსაკუთრებით სიამაყეს მაძლევს ის ფაქტი, რომ ეს არის საქართველოში მსგავსი მასშტაბის BI-ის პროექტის დანერგვის პირველი პრეცედენტი. ეროვნული ბანკი, როგორც არაერთხელ, ამ შემთხვევაშიც პირველობას არ თმობს. დღეს, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების დონემ თავისთავად მოიტანა ინფორმაციის უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ერთიანი ანალიტიკური პლატფორმა ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანობას და უსაფრთხოების დონეს მაქსიმალურად უზრუნველყოფს. გარე მომხმარებლისთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაცია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი არ სრულდება წარმოდგენილი ინტერაქტიული რეპორტების დანერგვით. ეს პროცესი გაგრძელდება და ეროვნული ბანკის მონაცემთა ბაზის განვითარების პარალელურად, კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს. აღსანიშნავია, ის დიდი შრომა და ძალისხმევა, რაც სამუშაო ჯგუფმა და პროექტში ჩართულმა მხარეებმა გასწიეს, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.