ეკატერინე მიქაბაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

15 იანვარი, 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში (CEE Forum) მიიღო მონაწილეობა, რომელსაც წელსაც ტრადიციულად ავსტრიის დედაქალაქმა უმასპინძლა.


საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მაკროეკონომიკურ გარემოზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, საინვესტიციო პერსპექტივებსა და კაპიტალის ბაზრების განვითარებაზე იმსჯელეს.


ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები“, რომელიც გლობალური შოკების გავლენაზე, მონეტარული პოლიტიკის განახლებულ ჩარჩოსა და რისკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების თანამედროვე მიდგომებზეა ფოკუსირებული.


პანელზე გამართული განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე გლობალური გაურკვევლობის პირობებში, როგორც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ფარგლებში, ისე მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების პარალელური გამოყენებით.


პანელური განხილვისას ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ მცირე და ღია ეკონომიკები განსაკუთრებით მოწყვლადია გლობალური შოკების მიმართ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში პანდემიასთან, გლობალურ ინფლაციასთან და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს წარმატებით გაუძლო და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა.


„ეროვნული ბანკის დროულმა მონეტარულმა და მაკროპრუდენციულმა ნაბიჯებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ინფლაციის სწრაფ სტაბილიზაციასა და ეკონომიკური მოლოდინების გამყარებაში. ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო. ხოლო კომუნიკაციის განახლებული ჩარჩო გრძელვადიან პერსპექტივაში მეტ გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.


მისი თქმით, ეროვნული ბანკი სცენარებზე დაფუძნებულ ანალიზს იყენებს, რაც ამცირებს გაურკვევლობას, ზრდის პოლიტიკის მოქნილობას და ეხმარება საზოგადოებასა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს უკეთ გაიგონ გადაწყვეტილებების ლოგიკა და რისკები: „ერთ პროგნოზზე დაყრდნობა აღარ არის საკმარისი. ჩვენ ვაანალიზებთ როგორც საბაზისო, ისე ალტერნატიულ სცენარებს, რაც საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ეფექტიანობა და გამჭვირვალობა,“  -  განაცხადა მან.


ღონისძიების ფარგლებში ასევე განიხილეს ფინანსური ინფრასტრუქტურისა და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების საკითხები. ყურადღება დაეთმო ფინტექ სექტორის განვითარებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, როგორც გადახდების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებას.


ვენაში გამართული ფორუმი მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრებს, ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებსა და ვიცე-პრეზიდენტებს, წამყვანი კომერციული ბანკებისა და კორპორაციების ხელმძღვანელებს, ინვესტორებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს აერთიანებს.


ღონისძიების ორგანიზატორია Financial Times Group-ის წევრი  -  FT Live.

სხვა სიახლეები