დევიდ ოუენი: საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა გამართლებულია

დევიდ ოუენი: საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა გამართლებულია

29 მაისი, 2007
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დევიდ ოუენმა ქართულ მედიას გააცნო სავალუტო ფონდის დოკუმენტი სახელწოდებით -„რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივა“. მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობაში გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯონ ვეიკმან-ლინი და აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში რობერტ კრისტიანსენი.   დოკუმენტის მიხედვით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური ზრდის ბუმი გრძელდება. იმავდროულად დოკუმენტში ხაზგასმულია ინფლაციური ზეწოლისა და მზარდი საგარეო სესხების დარეგულირების საჭიროებაც. როგორც დევიდ ოუენმა განაცხადა, „რეგიონის ასეთი შთამბეჭდავი შედეგი გამოწვეულია მაკროეკონომიკური მართვის გაუმჯობესებით, სტრუქტურული რეფორმებით, სამომხმარებლო საქონლის მზარდი ექსპორტით, დიდი რაოდენობის უცხოური პირდაპირი კაპიტალის შემოდინებებით და ფულადი გზავნილებით.“   დევიდ ოუენის განცხადებით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში რეგიონში ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 10 პროცენტს შეადგენს. ზრდის  ეს მაჩვენებლები ყველაზე მაღალია გარდამავალ ქვეყნებს შორის და კარგად უწყობს ფეხს უსწრაფესად განვითარებად ეკონომიკას აზიასა და დანარჩენ განვითარებად ქვეყნებში. ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი ქვეყნები (აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უზბეკეთი) და ნავთობის არა-ექსპორტიორი ქვეყნები (სომხეთი, საქართველო, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი) კარგად ვითარდებიან. წინასწარი გამოთვლებით, 2007 წელს რეგიონში ზრდის მაჩვენებელმა 12 პროცენტს უნდა გადააჭარბოს.   ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან ცალსახად დაუჭირა მხარი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ სავალუტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. მისი თქმით, ეროვნული ბანკი გამართლებულად მოიქცა, როდესაც შესძლო სავალუტო რყევების თავიდან აცილება. დევიდ ოუენმა აღნიშნა, რომ მთავარ ორიენტირს უნდა წარმოადგენდეს ინფლაციის მაჩვენებელი და არა ვალუტის გაცვლის კურსი. სავალუტო კურსი მოქნილი უნდა იყოს, ფიქსირებული რეჟიმი კი შეიძლება  ფასების ზრდის მასტიმულირებელი გახდეს.   სავალუტო ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველომ შესძლო, მიეღწია საგრძნობი ეკონომიკური ზრდისათვის და ამასთან, არ მომხდარიყო ინფლაციის მაჩვენებლის მატება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება ინფლაციის დონის ერთნიშნა ნიშნულამდე დაბალანსების თაობაზე, რაც რთულია, გამომდინარე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობიდან, მაგრამ არა შეუსრულებელი.   დევიდ ოუენის თქმით, საქართველოში გატარებული მონეტარული  და ფისკალური პოლიტიკა ფოკუსირებული უნდა იყოს ინფლაციის მაჩვენებლის 9 პროცენტამდე შენარჩუნებაზე. საბიუჯეტო პოლიტიკა, სავალუტო ფონდის ექსპერტის შეფასებით, უნდა გამკაცრდეს. კერძოდ, როგორც დევიდ ოუენმა აღნიშნა, თუ საქართველოს მთავრობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების წინააღმდეგია (რაც ლარის შემდგომ მკვეთრ გამყარებასაც გულისხმობს), მაშინ მან საბიუჯეტო თანხების უფრო ნაკლებად ხარჯვას უნდა დაუჭიროს მხარი.
სხვა სიახლეები