დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

დეპოზიტების ზრდის მიმდინარე ტენდენციები

11 დეკემბერი, 2008

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშები და ვადიანი დეპოზიტები) მოცულობამ 2008 წლის პირველი ნოემბრისათვის 2.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდისათვის არსებულ მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ვადიანი დეპოზიტების (რომელთა ხვედრითი წილი მთლიან დეპოზიტებში 56.2 პროცენტია) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. საგულისხმოა, აგრეთვე, რომ ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1.9 პროცენტით გაიზარდა მაშინ, როცა უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 4.7 პროცენტით შემცირდა.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წლის პირველი ნოემბრისათვის 62.9 პროცენტი შეადგინა. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ისიც, რომ კომერციული ბანკები ბოლო ერთი წლის მანძილზე ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე უფრო მაღალ სარგებელს იხდიდნენ, ვიდრე უცხოური ვალუტით განთავსებულზე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.3 პროცენტს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.7 პროცენტი იყო.

საგულისხმოა, რომ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ ერთი წლის წინ უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი 83.3 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 16.1 პროცენტს შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის აშშ დოლარის წილი 79.5 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი 19.9 პროცენტამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად ეროვნული ვალუტისადმი მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულების ზრდისა, კვლავ მაღალი რჩება უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების ხვედრითი წილი მოსახლეობის ანაბრების სტრუქტურაში, რამაც 2008 წლის პირველი ნოემბრისათვის 79.5 პროცენტი შეადგინა, თუმცა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 4.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 33.0 მლნ ლარით (2.6 პროცენტი) შემცირდა და 1.2 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 280 ლარს შეადგენს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები