“თბილისის ფინანსურმა სამიტმა“ სამუშაო ფორმატში დაიწყო მუშაობა

“თბილისის ფინანსურმა სამიტმა“ სამუშაო ფორმატში დაიწყო მუშაობა

22 ოქტომბერი, 2025

„თბილისის ფინანსური სამიტი” ხვალ, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი "აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში" იმართება.

დღეს "თბილისის ფინანსური სამიტი" პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებს და B2B შეხვედრებს დაეთმო.

პანელური დისკუსიების მთავარი განსახილველი საკითხები ეხებოდა საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებას, ფინანსური ინოვაციების და ფინანსური ტექნოლოგიების ხელშეწყობასა და გლობალური ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბაზრის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სთეიბლქოინების დანერგვაზე და საინვესტიციო ეკოსისტემაზე.

ეკონომიკურ ფორუმზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმო რეგიონში საქართველოს პოტენციალსა და მის მიმზიდველ როლს.

სამიტის პანელისტებმა და სპიკერებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის, ტოკენიზაციისა და კვანტუმის დანერგვის შესაძლებლობები ფინანსურ სექტორში.

პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოფებში მონაწილეობდნენ ცნობილი ფინტექ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები და მათი წარმომადგენლები: Paytm-ის დამფუძნებელი ვიჯაი შეხარ შარმა, Ant International-ის ვიცე პრეზიდენტი ლეიმინგ ჩენგი, Eisele Capital-ის დამფუძნებელი დერეკ აიზელი, Hivenet-ისა და Policloud-ის დამფუძნებელი დავიდ გურლე, Coinbase-ის უფროსი ოფიცერი ანუ ფანსი, Tether-ის ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაჯიო, Accel-ის პარტნიორი რაშიტ პარეხი, სიდიდით მეორე კრიპტობირჟა - Bybit EU-ს აღმასრულებელი დირექტორი მაზურკა ძენგი და სხვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ფინანსური სამიტის დაწყების წინ აღნიშნა, რომ საქართველო ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად ყალიბდება.

“საქართველო წლების განმავლობაში პოზიციონირებდა, როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი. ხოლო ახლა უკვე ყალიბდება, როგორც ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბი. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან ერთად პირველად საქართველოში, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს. ამის შემდეგ  უკვე მათ გლობალურ რუკაზე, პირველ რიგში დავფიქსირდებით როგორც მსგავსი შეკრებებისა და სამიტების ჩატარების ადგილი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ჰაბი საფინანსო სექტორში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„თბილისის ფინანსური სამიტი“, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ღონისძიებების სერიის შემადგენელი ნაწილია. შედეგად, საქართველო სწორედ ამ ქსელის ნაწილი ხდება. ფინანსური სამიტი ერთგვარი პლატფორმაა ქვეყნის სტრატეგიული მიზნისკენ მიმავალ გზაზე - საქართველო იქცეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მთავარ რგოლად.

22 ოქტომბერი, 2025

ფოტოგალერეა

19

სხვა სიახლეები