
"გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში წელს მეექვსედ აღინიშნა
ეროვნული ბანკის ორგანიზებით, "გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში უკვე მეექვსედ აღინიშნა. წლევანდელი "გლობალური ფულის კვირეული" ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და კერძო და სამოქალაქო სექტორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.
კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განათლების სამინისტროს ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებითი კონკურსი ჩაატარა, სახელწოდებით "საქართველოს ეროვნული ბანკი 100". კონკურსში საქართველოს 9 რეგიონის სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს 100 ლარის ნომინალის ბანკნოტის ან მონეტის საკუთარი, ორიგინალური დიზაინით შექმნა ევალებოდათ. 20 გამარჯვებულ ნორჩ ხელოვანს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში, საგანმანათლებლო - გასართობ ექსკურსიაზე უმასპინძლა. ფულის მუზეუმში გამარჯვებულმა ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე მოისმინეს ინტერაქტიული ლექცია ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებმა ეროვნული ბანკისგან სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
26 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa - ს ორგანიზებით, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში "ფინანსური ფეხბურთის" სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ეთამაშათ, შეემოწმებინათ და გაეღრმავებინათ საკუთარი ფინანსური ცოდნა. "ფინანსური ფეხბურთი" სწრაფი და დინამიური თამაშია, რომლის ფარგლებშიც მოთამაშეებმა პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ, რათა მოედანზე წინ წაიწიონ და გოლი გაიტანონ. "ფინანსური ფეხბურთის" ქართულენოვანი თამაში და თანმდევი სასწავლო მოდულები Visa - მ და ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს განავითარეს. ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სასახლის მოსწავლეებისთვის, ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ ინტერაქტიული ლექცია ჩაატარეს. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
27 მარტს, წნორში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისათვის ფინანსური განათლების ინტერაქტიული სემინარი ჩაატარეს. მონაწილეები სახალისო ჯგუფურ თამაშებში ჩაერთნენ და პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, სესხების, მომხმარებელთა უფლებებისა და ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის გზების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა "ცოდნის კაფესა" და არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children - ის პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში შედგა. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა "ბაქსვუდის" სკოლის მოსწავლეებს საკასო ცენტრში უმასპინძლა. მოსწავლეებმა საკასო ცენტრი დაათვალიერეს და ფინანსური განათლების მნიშვნელობისა და პირადი ფინანსების მართვის შესახებ საინტერესო დისკუსიაში ჩაერთნენ.
საქართველოს ბანკმა მოსწავლეებს სათავო ოფისში უმასპინძლა, სადაც მათ საბანკო პროდუქტების, ბანკის საქმიანობის, პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვისა და ფულის შესახებ საინტერესო ლექცია მოისმინეს და ბანკის შენობაც დაათვალიერეს. ფინკა ბანკი საქართველომ მოსწავლეებისთვის დაზოგვის შესახებ ბროშურა შეიმუშავა და მათ 6 ქალაქში - ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, თბილისი, სამტრედია, გორი - ბანკის ფილიალებში უმასპინძლა, სადაც ახალგაზრდები ბანკის მუშაობის სტილსა და ფუნქციებს გაეცნენ. ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციამ და ფონდმა "კრისტალი" ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების, დაზოგვისა და ინვესტირების თემაზე სემინარი ჩაატარა, ასევე, მათ სათავო ოფისში უმასპინძლა, სადაც ისინი ორგანიზაციის ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ, დაგროვებისა და სესხების შესახებ ისაუბრეს და "ფინანსური ფეხბურთი" ითამაშეს. კრედო ბანკმა 9-14 წლის მოსწავლეებისთვის ფილიალებში დაზოგვის შესახებ 2-დღიან ტრენინგებს უმასპინძლა, ლიბერთი ბანკმა ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და კახეთის მასშტაბით V-VI კლასის მოსწავლეებისთვის შეხვედრები ჩაატარა, მიკროსაფინანო ორგანიზაციამ ემ-ბი-სი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლაში ფინანსური წიგნიერების თემაზე 5-დღიანი საგანმანათლებლო ღონისძიება განახორციელა, ბაზისბანკმა კი თბილისისა და რეგიონების სერვისცენტრების მეშვეობით ფინანსური განათლების ბროშურები გაავრცელა. ამასთან, თიბისი ბანკმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ლადო აფხაზავას სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას უმასპინძლა, სადაც მათ, სხვა საკითხებთან ერთად, პირადი ფინანსების მართვის და სწორი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.