შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი - საქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი - საქართველო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს

13 ოქტომბერი, 2021

ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წლევანდელი სლოგანია - შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი.

 

 

ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიღებას, ამავდროულად, იზრდება გარკვეული კიბერრისკებიც. საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარმა ბანკმა არაერთი პროექტი უკვე განახორციელა.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციისა და ექვსი კომერციული ბანკის - თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს.

 

ეროვნული ბანკი, კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს ფინანსური განათლების პორტალ ფინედუსა (www.finedu.gov.ge) და კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.  

სხვა სიახლეები