სებ-მა და EBRD-მა ქალი მეწარმეების საფინანსო კოდექსისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სემინარს უმასპინძლეს

სებ-მა და EBRD-მა ქალი მეწარმეების საფინანსო კოდექსისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სემინარს უმასპინძლეს

05 სექტემბერი, 2024

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა საფინანსო კოდექსის -  WE Finance Code-ისადმი მიძღვნილ სემინარს უმასპინძლა.

კოდექსის მიზანი გენდერული ნიშნით მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) მონაცემთა შეგროვების მხარდაჭერა და მისი გამოყენების ხელშეწყობაა იმგვარი პოლიტიკის შესაქმნელად, რომელიც როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს საშუალებას მისცემს გაზარდონ თავიანთი ბიზნესი და წვლილი შეიტანონ ეკონომიკასა და საზოგადოებაში.

სემინარს, სახელწოდებით "მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის გამოყენება ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომის გასაუმჯობესებლად", საფინანსო სექტორის,  საჯარო დაწესებულებებისა და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ხაზი გაესვა სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების მნიშვნელობას ქალების მფლობელობაში მყოფი და მათი ხელმძღვანელობით მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებაში, ასევე წარედგინა ახალი SME/WSME Dashboard.

სემინარი მისასალმებელი სიტყვით გახსნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. მან ხაზი გაუსვა მონაცემთა კრიტიკულ როლს ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობასა და WSME-ების ზრდის მხარდაჭერის საქმეში.

მისი თქმით, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა ისეთი ფინანსური სექტორის შექმნას ნიშნავს, რომელიც  მდგრად ზრდას განაპირობებს.

"პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოვახდინოთ ქალ მეწარმეებზე, ჩვენს ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოებაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც EBRD-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა განაცხადა, EBRD-ი მხარს უჭერს საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარებას და მისი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებას.

"ინკლუზიური და გენდერული პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური სისტემის და მხარდამჭერი ბიზნეს გარემოს შექმნით საქართველოს შეუძლია სამაგალითო ქვეყანა გახდეს. ქალების თანაბარ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა  EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტია. ამ კუთხით მარეგულირებელთან თანამშრომლობით ინკლუზიური პოლიტიკის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ფინანსური სისტემები უფრო ინკლუზიური გახდეს", - აღნიშნა ალკის დრაკინოსმა.

სემინარის ფარგლებში რამდენიმე საკითხი იქნა განხილული, მათ შორის როგორ შეიძლება მონაცემთა ანალიზის გამოყენება გადაწყვეტილების მიღების პროცესების გასაუმჯობესებლად და ფინანსური ჩართულობის მხარდასაჭერად.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ინტერაქტიული სადისკუსიო სესია, რომელიც მონაცემებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხებოდა. მონაწილეებმა იმსჯელეს SME/WSME Dashboard-ის გამოყენების შესაძლო მაგალითებზე. დისკუსიის ფარგლებში ასევე ხაზი გაესვა საქართველოში მეწარმე ქალთა საფინანსო კოდექსის აქტუალურობას და ფინანსურ სექტორის მიერ მისი გამოყენების დადებით ეფექტებს.

ეროვნული ბანკი, EBRD-ის მხარდაჭერით, მუშაობას გააგრძელებს SME/WSME Dashboard-ის გაძლიერებასა და ფინანსური სექტორისა და WSME-ების საჭიროებებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, რისი საბოლოო მიზანიც საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ფინანსური ჩართულობის გაძლიერებაა.

05 სექტემბერი, 2024

ფოტოგალერეა

10

სხვა სიახლეები