საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

30 ივნისი, 2023

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" – 2003, შესაბამისად.


საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით 23.9 მლრდ აშშ დოლარი (61.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 90.2 პროცენტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 333.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 284.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილების გამო - 38.9 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო 6.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.


სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (27.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 40.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.2 მლრდ აშშ დოლარი (21.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.0 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 908.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.4 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 434.2 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.6 პროცენტი).


საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.5 მლრდ აშშ დოლარი (16.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ აშშ დოლარი (12.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (9.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 13.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.


საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.6 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 47.5 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.7 მლრდ აშშ დოლარია (14.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.7 პროცენტია.


2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 12.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 9.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო 2.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 908.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 467.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში



___________________________________________________
1განაწილებული ნსუ (SDR) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც ნაწილდება სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად. განაწილებული ნსუ ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ ქვეყანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული განაწილებული ნსუ–ს მოცულობა, ასევე, ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ–ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. 2009 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალა მეთოდოლოგი­ური მიდგომა ნსუ-ს მიმართ, რის გამოც ამ პერიოდიდან განაწილებული ნსუ აღირიცხება როგორც ვალდებულება.

სხვა სიახლეები