ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა

ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა

28 სექტემბერი, 2023

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტის (IMD) წარმომადგენელს, არტურო ბრის შეხვდა, რომელიც "მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს" აქვეყნებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს ამ ინდექსში ჩართვას მოჰყვება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინსტიტუტის საქართველოთი დაინტერესება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორი პოზიციონირებითა და სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებში წამყვანი პოზიციების დაკავებითაა გამოწვეული. ახალ რეიტინგში საქართველო ინფრასტრუქტურული, ინსტიტუციონალური და ეკონომიკური გარემოს შესაბამისად შეფასდება.

"მისასალმებელია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი, როგორიც IMD-ია, დაინტერესდა ჩვენთან თანამშრომლობით. მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო სხვა ავტორიტეტული რეიტინგების მსგავსად „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვითაც შეფასდება. მათი მხრიდან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი სწორედ სებ-ისა და მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემის ღიაობითა და გამჭვირვალობით, გამართული და მდგრადი ფუნქციონირებითაა განპირობებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 75 წლის წინ დაარსებული მართვის განვითარების საერთაშორისო ინტიტუტი (IMD) "მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს" სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ყოველწლიურად აქვეყნებს.

სხვა სიახლეები