
კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, რომელთაც წელს ინდონეზია მასპინძლობს, წამყვანი ფინანსური გამოცემის Global Finance მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 25-ე ცერემონია გაიმართა.
"2014-2015 წლების კრიზისის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, ეკონომიკური ზრდა საქართველოში დაჩქარდა. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ასევე შიდა მოთხოვნის გააქტიურება უწყობს ხელს. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტის მოცულობა, ფულადი გზავნილები და ტურისტული შემოსავლები. გაუმჯობესებული საშინაო მაკროეკონომიკური გარემო და საერთაშორისო ეკონომიკური ვითარება ინვესტიციების ზრდასაც განაპირობებს. 2017 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ინდონეზიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან; სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან ჯიჰად აზურთან; მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან სირილ მიულერთან; ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთან ენტონი დე ლანოისთან და ალტერნატიულ აღმასრულებელი დირექტორთან რიჩარდ დურნბოშთან. შეხვედრა გაიმართა სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ეროვნული ბანკისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები.