
კობა გვენეტაძეს Global Finance-ის ჯილდო მეორედ გადაეცა
19 ოქტომბერს, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის Global Finance-ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 26-ე ცერემონია გაიმართა. 2018 წლის მსგავსად, Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ზედიზედ უკვე მეორედ ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა. მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო და, შარშანდელის მსგავსად, ის A- შეფასებით წელსაც ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. აღნიშნულ კატეგორიაში მოხვდნენ - ევროპის ცენტრალური ბანკის (მარიო დრაგი), ასევე, დიდი ბრიტანეთის (მარკ ქარნი), აშშ-ის (ჟერომ პაუელი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.
"ჩვენი მეზობლის გადაწყვეტილებამ საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ დაბრკოლება შეუქმნა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და მიმდინარე ანგარიშს, ტურისტული შემოსავლების შემცირების გზით. უცხოური ვალუტის შემოდინების მოსალოდნელმა შემცირებამ გამოიწვია ლარის გაუფასურება, რადგან უარყოფითი მოლოდინები გააქტიურდა, უფრო მეტადაც, ვიდრე ამას მოსალოდნელი საგარეო შოკის ზომა მიუთითებდა. აღნიშნულმა აკრძალვამ უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზე ტურიზმის ექსპორტის არხითაც. ექსპორტისა და გზავნილებისგან განსხვავებით, საქართველოს ტურიზმის სექტორში რუსი ტურისტების მონაწილეობა გაცილებით დიდია.