ეროვნული ბანკის განცხადება
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია საერთაშორისო გადარიცხვების შეფერხების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს.
საქართველოს საფინანსო სექტორი არის გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილი. როგორც ბაზრის მონაწილეები, ისე სებ-ი იცავს ყველა იმ საერთაშორისო ნორმას და რეზოლუციას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი. კომერციულ ბანკებს დამყარებული აქვთ საკორესპონდენტო ურთიერთობები ევროპულ და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამ ურთიერთობების შეუფერხებლად განხორციელებისათვის სანქციების რისკის ეფექტური მართვა განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. სწორედ ამან განაპირობა, რომ საფინანსო სექტორი რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს დაუყოვნებლივ შეუერთდა.
მასშტაბური საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოქმედების პირობებში გაზრდილია რისკები როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო დონეზე. შუამავალი ბანკების მიერ ცალკეული ტრანზაქციების შესწავლა და დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვა დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რათა შუამავალი ბანკების მიერ უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. აღნიშნული განაპირობებს შუამავალი ბანკების მიერ მეტი რესურსის და დროის ხარჯვას ცალკეული ტრანზაქციების შესწავლის პროცესში, რაც სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერია რისკების ადეკვატური მართვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სექტორის რეგულატორი, უზრუნველყოფს ქვეყანაში საერთაშორისო სანქციების დაცვას და გლობალურ ფინანსურ სისტემასთან მუდმივ თანამშრომლობას.