ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა
15 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობა გახსნა. ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი საკასო ცენტრი ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მართვის პროცესს მაღალტექნოლოგიური პროგრამებით განახორციელებს, რომელიც საშუალებას იძლევა ერთიანი სისტემით აკონტროლოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნაღდი ფულის ნიშნების მოძრაობა. გარდა ამისა მაქსიმალურად გაუმჯობესდება და დაიხვეწება მიმოქცევიდან მოძველებული და ყალბი ფულის ამოღების პროცესი, ასევე სრულიად შეიცვლება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა საკასო ოპერაციებთან დაკავშირებული პერსონალის შრომის პირობებიც.
"დსთ-ს სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საკასო ცენტრი აშენდა. ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯებით მივდივართ იქითკენ, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი. ამ მიზნის მისაღწევად გავატარეთ არაერთი ინსტიტუციონალური რეფორმა. რეფორმების წარმატებისათვის აუცილებელია მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რაც ფინანსურ სექტორს ერთის მხრივ გაუმარტივებს მუშაობას და მეორეს მხრივ, უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას მისცემს მათ. ახალი საკასო ცენტრის საცავები, აქ დანერგილი კონტროლისა და დაცვის სისტემები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაინტერესებულ ინვესტორს თუ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივად, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებში აწარმოებს ბიზნესს, რეგიონში შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზებული მომსახურებით და მშვიდად, რისკების გარეშე აქედან განახორციელოს თავისი ბიზნესისათვის აუცილებელი ნაღდი ფულის ოპერაციები", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის შენობის პროექტის ავტორები ქართველი არქიტექტორები არიან. მშენებლობა რომელიც 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სრულიად განსხვავებულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოაგდენს.
გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტმა სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის თანამშრომლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
15 ივნისი, 2012
ფოტოგალერეა
16